English / ქართული / русский /
ნანა მენაბდიშვილი
განქორწინება საქართველოს ახალგაზრდებში(XXI საუკუნე)

ანოტაცია. ნაშრომში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით  ნაჩვენებია განქორწინების მზარდი ტენდენცია საქართველოს ახალგაზრდებში. მაგრამ აღნიშნულია, რომ ის მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. განქორწინების მზარდი ტენდენცია გასული საუკუნიდან იღებს სათავეს და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიცვა, განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნები, რომელთა შორის ყველაზე საგანგაშო სტატისტიკაა პორტუგალიასა და ესპანეთში, სადაც ქორწინების 70% განქორწინებით სრულდება.მაღლი მაჩვენებელი ახასიათებს  აშშ-ს, სადაც ქორწინების 50% განქორწინებით მთავრდება. საქართველოს ახალგაზრდებში საუკუნის დასაწყისიდან პანდემიის დაწყებამდე (2019 წელი) განქორწინების მაჩვენებელი თითქმის 7-ჯერ გაიზარდა. ნაშრომში განქორწინება განხილულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. გამოყოფილია ახალგაზრდების სამი:  -20; 20-24 და 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფები. ნაჩვენებია, რომ განქორწინების ზრდა სამივე ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ყველაზე მაღალი ზრდა  შეინიშნება 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში. განქორწინების რიცხვის ზრდა დამახასიათებელია ორივე სქესის წარმომადგენელებისთვის, მაგრამ  განქორწინების მაჩვენებელი ახალგაზრდა ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე  ახალგაზრდა მამაკაცებში.  განქორწინების მაღალი დონით და ქორწინების ხანმოკლე ხანგრძლივობის მიხედვით  განსაკუთრებით  გამოირჩევიან   მოზარდი  ქალები (- 20 წელი).

საკვანძო სიტყვები: ახალგაზრდები, განქორწინების მაჩვენებელი. 

შესავალი. ზოგადად, ქორწინების ინსტიტუტი უზრუნველყოფს ეკონომიკურ, სოციალურ და ემოციურ სტაბილურობას. მეცნიერ-მკვლევართა მიერ აღიარებულია მისი უპირატესობა მარტოხელობასთან შედარებით. თუმცა ასევე აღიარებენ ქორწინების ინსტიტუტში მიმდინარე  მზარდ არასტაბილურობას, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მიმდებარე მიკროსისტემებზე.

განქორწინების რიცხვის ზრდა უკავშირდება საზოგადოებაში გაბატონებული ლიბერალური შეხედულებების სულ უფრო მეტად გავრცელებას, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო გლობალიზაციის დაჩქარებულმა ტემპმა. ლიბერალიზმმა წარმოშვა ინდივიდუალიზმის უზენაესობის განცდა და მიზნად დაისახა ადამიანის განთავისუფლება იმ სხვადასხვა ჯგუფების, წეს-ჩვეულებებისა თუ ავტორიტეტების ბრმა მსახურებისაგან, რომლებსაც გავლენა აქვთ ინდივიდის ცხოვრებაზე.   რა თქმა უნდა, რომ ეს ზემოქმედებას ახდენს ოჯახზე.  სტატისტიკის თანახმად კი  განქორწინების რიცხვის ზრდას ომები და სოციალურ-პოლიტიკური რყევები უწყობს ხელს.

ნებისმიერი ეროვნების, რასის, სქესის, მოქალაქეობის მქონე მოზარდის ოცნებაა იპოვოს თავისი სულიერი მეგობარი, დაქორწინდეს, შექმნას ოჯახი, ჰქონდეს თავისი სახლი და მიაღწიოს სრულყოფილებას. მოზარდი წყვილები ხშირად ჩქარობენ დაქორწინებას, რადგან არ იციან  ან  ვერ აცნობიერებენ  მასთან დაკავშირებული  პრობლემებს. გარკვეული დროის შემდეგ კი ხვდებიან, რომ არ არიან იმ ინსტრუმენტებით აღჭურვილები, რაც აუცილებელია წარმატებული ქორწინებისთვის, ამიტომ მათი ოცნება ხშირად ვერ იქცევა რეალობად. წარუმატებელი ქორწინება განქორწინებით თავდება. განქორწინება არ არის მხოლოდ ერთი მოვლენა, არამედ ხანგრძლივი პროცესია და მასში მონაწილე ყველა მხარე  დაზარალებულია. განქორწინება ის დემოგრაფიული პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს სხვა პროცესებზე, ცვლის ოჯახის სტრუქტურას, ზრდის მარტოხელა მშობლების რიცხვს და ა. შ. ამიტომ დემოგრაფები განქორწინების შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. განსაკუთრებული კვლევის საგანია  ადრეულ ასაკში განქორწინება. 

ძირითადი ნაწილი

განქორწინების ზოგადი სურათი მსოფლიოში.  განქორწინების დონე მზარდი აღმავლობის  ტენდენციას გასული საუკუნიდან ამჟღვნებს. ეს არის პრობლემა, რომელიც დამახასიათებელია მრავალი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით კი ყველა განვითარებული ქვეყნისათვის. როგორც OECD-ის საოჯახო მონაცემთა ბაზა აღნიშნავს, 1997 წლიდან 2017 წლამდე (უახლესი სავარაუდო შეფასებით) განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა OECD-ის  18 ქვეყანაში, ხოლო შემცირად 12-ში. ზრდა განსაკუთრებით დიდია აშშ-ში.  შეერთებული შტატების აღწერის ბიუ­როს (2009 წ.) მიხედვით, დადგინდა რომ ქორწინების 40-დან 50 პროცენტამდე განქორწინებით მთავრდება [https://wehavekids.com/parenting/The-Impact-of-Divorce-on-Young-Adults].

საგანგაშო სტატისტიკაა პორტუგალიასა და ესპანეთში, სადაც ქორწინების 70% განქორწინებით სრულდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განქორწინება ყველა განვითარებული ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა  განვითარებული ქვეყნებიდან მეტ-ნაკლებად კარგი სტატისტიკაა ჩილეში, ბოსნიასა და ტაილანდში. მათთან განქორწინების მაჩვენებელი ქორწინების 10%-მდე  მერყეობს.

2001 წელს საქართველოში განქორწინების რაოდენობა სულ შეადგენდა 1987-ს,  მაგრამ ათ წელიწადში (2011 წ.) ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ გაიზარდა (2,94-ჯერ), თხუთმეტ წელიწადში (2016 წ.) კი 4,8-ჯერ. ზრდა არ შენელებულა და  საქართველოში პანდემიის დაწყებამდე (2019 წ.)  განქორწინების რიცხვი უკვე 5,6-ჯერ იყო გაზრდილი. რაც შეეხება პანდემიის პირველ წელს, განქორწინების რიცხვი წინა წელთან შედარებით თითქმის 1,5-ჯერ შემცირდა, რაზეც უთუოდ მოახდინა გავლენა პანდემიამ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით,  ცხოვრების უჩეულო წესმა, რომელშიც ყველა ჩვენთაგანი აღმოჩნდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს პანდემიის მეორე წელს განქორწინების კვლავ გაზრდილი რიცხვი. 2021 წელს განქორწინების რიცხვი წინა წელთან შედარებით თითქმის 1,4-ჯერ გაიზარდა. პანდემიის პერიოდის დემოგრაფიული პროცესების შესწავლა ცალკე საკითხია, ამიტომ ახლა მასზე არ შევჩერდებით.

XXI ს-ის საქართველოში განქორწინების ზოგადი კოეფიციენტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (2019 წელი – 3%)  მხოლოდ ერთი მეათედით ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნების ასევე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ლატვიაში, ლიეტუვასა და ლუქსემბურგში დაფიქსირდა (3,1%. განქორწინება 1000 ადამიანზე). [ https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Marriage_and_divorce_statistics ]

განსაკუთრებით გაიზარდა განქორწინების რიცხვი ახალგაზრდებში, ანუ მკვეთრად გაიზარდა მთელ მსოფლიოში. ცნობილია, რომ სამხრეთ აფრიკა ერთ-ერთია, სადაც ახალგაზრდების განქორწინების რიცხვი ყველაზე მაღალია. განქორწინება ყველაზე ხშირია  18-დან 35 წლამდე ასაკის წყვილებში. ამასთან, 25-დან 29 წლის ახალგაზრდებს შორის განქორწინების მაჩვენებელი ორჯერ მეტია, ვიდრე ხანდაზმულ ადამიანებში [Nkuke Evans Mohlatlole; Sello Sithole; Modjadji Linda Shirindi. 2018].

კონკრეტულად რა იწვევს ახალგაზრდებში განქორწინების ზრდას, ამის გარკვევა ცალკე კვლევითაა შესაძლებელი.  ეკონომისტებმა ბეტსი სტივენსონმა და ჯასტინ ვოლფერმა დეტალურად შეისწავლეს შეერთებული შტატების ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებლების ცვლილება და მამოძრავებელი ძალები. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა განქორწინების მაჩვენებლებში, ასახავს ქორწინების მოლოდინების ცვლილებებს, როდესაც შესაძლოა აღმოჩნდე ქორწინებაში, რომელიც არ არის მოლოდინის შესაფერისი [Stevenson, B., & Wolfers, J. 2007].

ახალგაზრდები და განქორწინება. გაეროს განმარტების თანახმად ახალგაზრდებში იგულისხმებიან 15-24 წლის ასაკის პირები. გაეროს სისტემაში ახალგაზრდების ქვეჯგუფებთან მიმართებით სხვა კონცეფციებიც გამოიყენება. გამოყოფენ მოზარდებს, ახალგაზრდებს და ახალგაზრდა პირებს. მოზარდად მიიჩნევა 10-19 წლის ადამიანი, ახალგაზრდა პირად 10-24 წლის  ადამიანი, ხოლო 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში შემავალი პირები მიიჩნევიან ახალგაზრდებად. საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ახალგაზრდად განისაზღვრება 14-29 წლის ასაკის პირი [ფრენკ ილენსი. 2017;2]. ჩვენც სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში განვიხილავთ განქორწინების თავისებურებებს.

ითვლება, რომ ქორწინების ასაკი მჭიდროდ არის დაკავშირებული განქორწინების რისკთან. უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ისინი, ვინც ქორწინდებიან მოზარდობის ასაკში. ნიკოლას ჰ. ვოლფინგერი, რომელიც არის პროფესორი საოჯახო და მომხმარებელთა კვლევების საკითხში და სოციოლოგიის პროფესორი იუტას უნივერსიტეტში, სწავლობდა რა განქორწინების რისკებს სხვადასხვა ასაკის პირველ ქორწინებაში, მოახდინა შეფასება იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობისა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რომლებიც განქორწინდებიან ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ. შედეგების მიხედვით განქორწინების ყველაზე მაღლი მაჩვენებელი, შეფასების მიხედვით, მოზარდებში დაფიქსირდა. 

        ცხრილი 1

განქორწინების რისკის შეფასება პირველი ქორწინებიდან ხუთი წლის  განმავლობაში

ასაკობრივი ჯგუფები

1995 წელი

2006-2010 წლები

‹20

29%

32%

20-24

19%

20%

25-29

16%

15%

30-34

16%

14%

35+

14%

19%

შენიშვნა: განქორწინების დაუზუსტებელი შეფასებები NSFG-ში 1995 და 2006-2010 წლებში. წყარო: https://ifstudies.org/blog/want-to-avoid-divorce-wait-to-get-married-but-not-too-long 

ახალგაზრდების განქორწინების ასეთი მაღლი მაჩვენებელი არ არის საქართველოში.  როგორც საქსტატის მონაცემები გვატყობინებს, მთლიანად განქორწინებულთა რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის განქორწინებულთა რაოდენობა  ქორწინების 0-დან 4 წლის ხანგრძლივობით არც თუ მცირეა, თუმცა ორჯერ და მეტჯერ ჩამორჩება ნიკოლას ჰ. ვოლფინგერის შეფასებით მაჩვენებელს.

                                                                                                                                               ცხრილი 2

საქართველოში 25 წლამდე ასაკის განქორწინებულთა რიცხოვნობა ქორწინების ხანგრძლივობის მიხედვით

წლები

ქორწინების   ხანგრძლივობა

0-4 წელი

5 + წელი

2015

14%

2,2%

2016

13%

2,2%

2017

12,6%

1,7%

2018

10,4%

1,6%

2019

10,4%

1,6%

წყარო: https://www.geostat.ge/media/37121- ბავშვები და მოზარდები საქართველოში. სტატისტიკური პუბლიკაცია. 2020. 

XXI საუკუნის პირველ წელიწადს ახალგაზრდების  (20 – 29 წლის ასაკი) განქორწინების წილი შეადგენდა სულ  განქორწინების 35,1%-ს.  ახალგაზრდების განქორწინება ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2019 წელს 42,5%-ს უტოლდება. ოცდაერთი წლის განმავლობაში განქორწინების მაჩვენებელი  20 – 29 წლის ასაკის ახალგაზრდებში ყველაზე მცირე იყო 2004 წელს, ყველაზე მაღლი კი 2017 წელს. განქორწინების მაჩვენებლის დიაპაზონი კი შეადგენს 4 473-ს, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ მაღლია. ამავე ასაკის 2001-2021 წლების განქორწინების საშუალო მაჩენებელი 2 609-ის ტოლია. საუკუნის დასაწყისიდან  პანდემიის დაწყებამდე (2019 წელი) ახალგაზრდების  განქორწინების მაჩვენებელი თითქმის 7-ჯერ გაიზარდა, ხოლო გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ, ამ უმნიშვნელო კლებაზე, სავარაუდოდ,  გავლენა მოახდინა პანდემიის პერიოდმა.

ახალგაზრდების განქორწინების დიაპაზონი განვიხილოთ შემდეგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: ოც წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ანუ  მოზარდებში 2001-2021 წლების განქორწინების დიაპაზონი 103-ის ტოლია; 20-24 წლის ასაკობრივი პირების, ანუ ახალგაზრდა პირების – 1370; ხოლო 25-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდების განქორწინების დიაპაზონი 3177-ია.  აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ  საქართველოში 25 წლამდე ახალგაზრდებში 2001 წელს განქორწინების მაჩვენებელი 3,7-ჯერ ნაკლები იყო  2019 წლის იმავე მაჩვენებელზე.  მხოლოდ 25 წლამდე ახალგაზრდების განქორწინების საშუალო მაჩვენებელი XXI საუკუნეში 823-ის ტოლია. ზოგადად განქორწინების მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღლია მამაკაცებთან შედარებით. 2001 წლიდან 2019 წლამდე  25 წლამდე ასაკის მამაკაცთა განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა 3,6-ჯერ, ხოლო ქალების 3,8-ჯერ.  რაც შეეხება მოზარდებს (-20) განხილულ პერიოდში განქორწინების მაჩვენებელი გაიზარდა 2,8-ჯერ. მხოლოდ გასული 2021 წლის მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ: 16-19 წლის ასაკის განქორწინებულებში ქალები 3,4-ჯერ მეტნი იყვნენ მამაკაცებზე; 20-24 წლის ერთობლიობაში –  2,4-ჯერ მეტნი, ხოლო 25-29 წლისებში – 1,4-ჯერ მეტნი. ახალგაზრდებში განსაკუთრებით მოზარდი ქალები გამოირჩევიან განქორწინების მაღალი დონით.

ახალგაზრდების სამი ასაკობრივი ჯგუფიდან: -20; 20-24; 24-29 განქორწინების მაჩვენებელი ზრდის მიხედვით ასეთ ტენდენციას ამჟღავნებს: პირველ ჯგუფში, სადაც გაერთიანებული არიან ოც წლამდე ასაკის მოზარდები, 2001 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს ვნახავთ, რომ ზრდა მოხდა 5,4-ჯერ. მეორე ჯგუფში, 20-24 წლის ახალგაზრდა პირებში,  განქორწინების რიცხვი გაიზარდა  5,9-ჯერ, ხოლო 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში  –  7,3-ჯერ. შედარება გავაკეთეთ პანდემიამდელ პერიოდზე, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  პანდემიის გავლენები დემოგრაფიულ პროცესებზე ცალკე შესწავლის საგანია,  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელთან შედარებით პანდემიის პერიოდში განქორწინების რაოდენობამ ახალგაზრდებში მოიკლო. 2019 წლის განქორწინების რაოდენობა 1,5-ჯერ აღემატება 2020 წლისას  და 1,2-ჯერ  2021 წლის იმავე მაჩვენებელს.

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ სტუდენტებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევა ადასტურებს, რომ  განქორწინების  მომხრეები უფრო მეტად არიან ქალები, “როდესაც წყვილი ვერ აგვარებს ოჯახურ პრობლემებს და ხშირად აქვთ უთანხმოება“. გამოკითხული სტუდენტებიდან ქალების 35% კატეგორიული მომხრეა განქორწინების მაშინ, როცა მამაკაცებში განქორწინების მომხრეები 27%-ია. ასევე მაღლია სტუდენტი ქალების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს არ უნდა მოითმინო არანაირი შეურაცხყოფა (72%).

მკვლევართა აზრით, ოჯახის ინსტიტუტის არამდგრადობა იგრძნობა რიგი პრობლემების წარმოქმნით, რომელთა წარმატებული მოგვარება დამოკიდებულია პარტნიორის ინდივიდუალურ თვისებებზე. თავად რესპოდენტთა აზრით, განქორწინების ზრდის ძირითადი მიზეზი „ხასიათის შეუთავსებლობაა“.  თანამედროვე  ახალგაზრდები საქორწინო პარტნიორის ცვლას უფრო ადვილად ახორციელებენ, ვიდრე მათ ხელახალ „აღზრდას“.  შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს მათი უფრო ზედაპირული დამოკიდებულებით ქორწინებისადმი. ქორწინებისადმი ასეთი დამოკიდებულება კი განაპირობებს განქორწინების რიცხვის ზრდას. 

დასკვნა 

XXI საუკუნე განქორწინების მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დამახასიათებელია ყველა განვითარებული ქვეყნისათვის. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც განქორწინების რიცხვი მზარდი ტენდენციის მატარებელია. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფენ, რომ ქორწინების ასაკი მჭიდროდ არის დაკავშირებული განქორწინების რისკთან. უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც  ქორწინდებიან მოზარდობის ასაკში, ანუ 20 წლამდე. ზოგადად ახალგაზრდების  (-20-დან 29 წლის ჩათვლით) განქორწინების მაჩვენებელი მაღალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საუკუნის დასაწყისიდან (2001 წ)  პანდემიის დაწყებამდე (2019 წელი) ახალგაზრდების  განქორწინების მაჩვენებელი თითქმის 7-ჯერ გაიზარდა. საქართველოს ახალგაზრდების სამი ასაკობრივი ჯგუფიდან: -20; 20-24; 24-29  განქორწინების მეტ-ნაკლებად მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა სამივე ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ზრდის ყველაზე უფრო მაღალი  ტენდენციით ხასიათდება 24-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი. მათთან  ასევე ყველაზე მაღალია განქორწინების მაჩვენებელი (68,5%). განქორწინების რიცხვის ზრდა დამახასიათებელია ორივე სქესის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის, თუმცა განქორწინების მაჩვენებელი ახალგაზრდა ქალებში 1,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცებში. განსაკუთრებით მოზარდი ქალები გამოირჩევიან განქორწინების მაღალი დონით, ქორწინების ხაგრძლივობის სიმცირის მიხედვით. განქორწინების რიცხვის ზრდა, ვფიქრობთ, ქორწინებისადმი ზედაპირული დამოკიდებულების შედეგი უნდა იყოს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბავშვები და მოზარდები საქართველოში. სტატისტიკის კრებული. 2020; https://www.geostat.ge/media/37121-
  2. ილენსი ფ., 2017; ახალგაზრდები საქრთველოში.
  3. მენაბდიშვილი ლ., 2019; საქართველოს სტუდენტი ახალგაზრდობა. სოციალურ-დემოგრაფიული ნარკვევები.
  4. Cierra Branch-Harris.   Amber Cox.   The Effects of Parental Divorce on Young Adults Attitudes towards Divorce. https://core.ac.uk/download/60575574.pdf
  5. Nkuke Evans Mohlatlole; Sello Sithole; Modjadji Linda Shirindi. 2018. Factors contributing to divorce among young couples in Lebowakgomo. http://www.scielo.org.za/scielo.php?script=sci_arttext&pid=S0037-80542018000200009 
  6. Stevenson, B., & Wolfers, J. 2007; ). Marriage and divorce: Changes and their driving frces. Jurnal of Economik Perspectives. 21(2) 27-52. https://ourworldindata-org.translate.goog/ marriages-and-divorces?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=sc
  7. https://wehavekids.com/parenting/The-Impact-of-Divorce-on-Young-Adults
  8. https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Marriage_and_divorce_statistics
  9. https://ifstudies.org/blog/want-to-avoid-divorce-wait-to-get-married-but-not-too-long